თამარ სხვიტარიძე „ბასტი–ბუბუს“ დამფუძნებელი და საბავშვო ტელევიზია BBB-ს გენერალური პროდიუსერია.

თამარ სხვიტარიძე „ბასტი–ბუბუს“ დამფუძნებელი და საბავშვო ტელევიზია BBB-ს გენერალური პროდიუსერია. დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა, სადაც მისივე თქმით, საუკეთესო კლასი და პედაგოგები ჰყავდა. სკოლაშივე დაიწყო ლექსებისა და რომანების წერა, თუმცა როდესაც არჩევანის დრო დადგა, თამარმა ხატვა აირჩია, რადგან ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდიოდა. მოხდა ისე, რომ არ გაუმართლა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვერ გახდა, სამაგიეროდ თამაზ კვაჭანტირაძემ მისი ნაწერები წაიკითხა და ჟუნრალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება ურჩია. ასე გაგრძელდა მისი გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მომავალ მეუღლეს, პაატა ამონაშვილს შეხვდა. უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ თამარმა ბავშვების აღზრდისა და განვითარების შესახებ ბევრი რამ შეიტყო. მისი ოჯახი ჰუმანური პედაგოგიკით იყო დაინტერესებული და შესაბამისად იქ ბევრი ნოვატორი პედაგოგი იკრიბებოდა. რამდენიმე წელიწადში თამარმა მუშაობა პირველ არხზე დაიწყო, სადაც საბავშვო გადაცემებისთვის ზღაპრებს წერდა. მალევე მისი ინიციატივით ახალი საბავშვო პროექტი შეიქმნა თოჯინების მონაწილეობით, რომელთაც ცნობილი მსახიობები რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა და კარლო საკანდელიძე ახმოვანებდნენ. თამარმა პირველი არხის სხვადასხვა რედაქციებში „ბასტი–ბუბუ“–ს კიდევ 2 დამფუძნებელი ხათუნა წულაია და ნინო გოგაძე გაიცნო. მათ სურდათ საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზება, სადაც მუსიკაც დიდი დოზით იქნებოდა, ამიტომ საქმეში კიდევ ერთი დამფუძნებელი მაკა აროშიძე ჩაერთო. 1992 წელს დაიგეგმა პირველი გადაცემის ჩაწერა, სახელად კი რეჟისორმა თემურ ბადრიაშვილმა „ბასტი–ბუბუ“ შეარჩია, რომელიც ქართული სიტყვაა და ხმაურს, აურზაურს ნიშნავს. 90იან წლებში ეს დიდი გამონათება იყო და „ბასტი–ბუბუც“ ძალიან პოპულარული გახდა. მას შემდეგ 23 წელი გავიდა და ეს წლები უკვე ფირზეა ასახული. „ბასტი–ბუბუს“ ბოლო დიდი გამოწვევა საკუთარი საბავშვო ტელევიზიაა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით მაუწყებლობს, თამარი კი მას როგორც გენერალური პროდიუსერი ისე უდგას სათავეში. თამრიკო: „მუდმივად ვცდილობთ საზოგადოებას რაღაც ნოვატორული შევთავაზოთ. როდესაც ეს ასე აღარ იქნება და ჩვენ ჩვენი საქმიანობით ბოლომე კმაყოფილები ვიქნებით, იქ დამთავრდება „ბასტი–ბუბუს“ ისტორია და დარჩება კეთილი საქმე, რომელიც ერთმა ჯგუფმა გააკეთა საქართველოს ბავშვებისთვის.“

მაკა აროშიძე – „ბასტი–ბუბუს“ დამფუძნებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი

 

 

 

მაკამ მუშაობა სწავლის პარალელურად 1978 წლიდან დაიწყო. იყო თეატრალური უნივერსიტეტის ვოკალის კათედრის პედაგოგი, კინო–მსახიობთა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო გადაცემა „ამღერებული ოჯახები“, „ბასტი–ბუბუს“ დაარსების დღიდან კი მისი მუსიკალური ხელმძღვანელია. მაკა 50ამდე სიმღერის ავტორია, „ბასტი–ბუბუ“ კი ,როგორც ამბობს, მისთვის პირველი შვილია.

ნინო გოგაძე – „ბასტი–ბუბუს“ დამფუძნებელი, აღმასრულებელი პროდიუსერი

 

ნინო პროფესიით კინომცოდნეა. წლების განმავლობაში მუშაობდა პირველ არხზე სხვადასხვა რედაქციებში მთავარ რეჟისორად, საბავშვო გადაცემებზე მუშაობისას კი  „ბასტი–ბუბუს“ დანარჩენი დამფუძნებლები გაიცნო და ერთად დაიწყეს მუშაობა.

ნინო: „ ამ წლებმა ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება მომცა, საქმის ერთგულება, მეგობრობა მასწავლა და ამ ყველაფერმა ურყევად და კონფლიქტების გარეშე მოგვიყვანა აქამდე. კამათით გიკამათია, მაგრამ ყოველთვის პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ რა ჭირდებათ ბავშვებს და რა სარგებლობის მოტანა შეგვიძლია თაობებისთვის. „ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის ოჯახი, შვილი და ძალიან ბევრი წლის უცვლელი სიყვარულია.

ხათუნა წულაია – არტ–მენეჯერი, „ბასტი–ბუბუს“ დამფუძნებელი

 

 

 

 

ხათუნა წულაია “ბასტი–ბუბუს“ ერთ–ერთი დამფუძნებელი და სტუდიის არტ–მენეჯერია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი ბავშვები ყოველთვის გამოიჩევიან ლამაზი და სახასიათო კოსტიუმებით. ხათუნას ოჯახში ყველა მხატვარია და ისიც ამ გზას გაჰყვა. ხათუნა წულაიამ ასევე იმუშავა „საბავშვო ევროვიზიის“ მონაწილეთა კოსტიუმებზე 2007, 2008 და 2009 წლებში.

ხათუნა : „ბასტი–ბუბუ“ ჩემთვის მეორე ოჯახია, რომელსაც დიდხანს სიცოცხლეს და ლიდერობას ვუსურვებ. ბავშვებს კი ვურჩევ ყველაფერში სილამაზე დაინახონ.

გამოიწერეთ არხები

BBB ტელევიზია

 

ვიდეო არქივი